კონსტანტინე გამსახურდია წერდა: ” სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველო. ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანად შერაცხავდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება”.
„მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წაეწრების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღებისთანავე კითხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას, ჩვენ ახალგაზრდები ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი” - წერდა ლადო გუდიაშვილი.
„ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს… არც დაღლა იცოდა, არც დასვენება… ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ – ლადო გუდიაშვილი
პროფესორი მიხაკო წერეთელი კი ასე იხსენებს: „ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა.“