,,სნეული დავბრუნებულვარ . . . "



,,მეცნიერული მუშაობისათვის მარტო ნიჭი ფა განათლება თურმე არ კმარა; რაღც სხვაცაა საჭირო: ნებისყოფა, შეუპოვრობა, ენერგია თუ სხვა ..."
ე. თაყაიშვილი

ასაკის მიუხედავად, ნებისყოფით, შეუპოვრობითა და ენერგიით სავსე დაუბრუნდა მშობლიურ მიწას.

„82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძი“ – წერს იგი.
გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად. თვითმფრინავი რომის, ბენ-ღაზის, კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში.  თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”ექვთიმემ ქართულ მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, ზეცას შეხედა, მერე მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას.  საზოგადოება დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა.
1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.
1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება.
1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს… მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“.
მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. დრო მიდიოდა… წლები თავისას აკეთებდა… ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა და საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა.  1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს ექვთიმეს შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში, შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა სიარული, მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.
1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის თანამდებობიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“.  თანამშრომლებსაც აუკრძალეს ექვთიმეს მონახულება და მასთან კავშირი.
აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი 24 თებერვალს მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა იგი ვაკის სასაფლაომდე.
საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ არაერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა საამაყოდ. ვერც ერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში.
Share this: